ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ ნომინირებულია საერთაშორისო ფესტივალზე „Oenovideo“
საქართველო, თბილისი - 09:42 | 07.06.2019 ნანახია: 12896ქართული სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ ნომინირებულია მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის მსოფლიოში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კონკურსზე „Oenovideo“.
„Oenovideo“, ყოველწლიურად, საფრანგეთში, კერძოდ, ქალაქ მარსელის „ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმში“ იმართება. წელს, ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე, მონაწილეობდა 144 ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ნომინანტების სიაში კი მათგან მხოლოდ 37 მოხვდა, მათ შორის, „საქართველო ღვინის სამშობლო“.
რიგით 26-ე ფესტივალი „Oenovideo“ წელს 13-16 ივნისს გაიმართება. ფესტივალის კონკურსის ჟიურის წევრები არიან: კეტრინ ლამორი - პროდიუსერი და „Canal+“-ის ჟურნალისტი; ემანუელ მუღე - კინო-რეჟისორი და პროდიუსერი; ნიკოლას ბღიდე - „ცეზარის“ პრემიის ლაურეატი; „Ciné Master Class“ - ის მოწვეული სტუმარი ნოელ ბალანი - მწერალი, მუსიკოსი და სცენარისტი.
ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ ეძღვნება იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას, რომელმაც ისტორიული აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე. ასევე, ფილმი ასახავს 2017 წელს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, „Cité du Vin”, გამართულ ექსპოზიციას „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“, სადაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით გახდა აღიარებული მეღვინეობის სამშობლოდ.
2017 წლის 13 ნოემბერს აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“. მასში საუბარია მეღვინეობის უძველეს კვალზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი და საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ სტატიას საფუძვლად დაედო ქართველი და უცხოელი მეცნიერების 4-წლიანი სამეცნიერო მუშაობა. ასოციაციის „ქართული ღვინო“ ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აღნიშნულ სამეცნიერო პროექტს 2014 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მულტიდისციპლინურ პროექტში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართულები არიან პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები.
სამეცნიერო-მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით. ორმოცწუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. გადაღებები სხვადასხვა დროს საქართველოსა და აშშ-ში, ასევე იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. ფილმი გადაღებულია სტუდია „სინემანი ფილმს“- ის ბაზაზე.
ახალი ამბები
- საქართველოში კოვიდ-19-ის 11 235 ახალი შემთხევა დადასტურდა
- 4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
- "ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხდება
- „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა - ჯანმო