საქართველოს ღვინის ამერიკელი იმპორტიორების ჯგუფი ეწვია

საქართველო, თბილისი - 11:10 | 13.09.2018 ნანახია: 424

საქართველოს  ღვინის ამერიკელი იმპორტიორების ჯგუფი  ეწვია, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting’’-ის დამფუძნებლის, ჯული პეტერსონის ხელმძღვანელობით.

ჯული პეტერსონის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის იმპორტის გაზრდაა.

ვიზიტის დასაწყისში, თბილისში,  დეგუსტაცია "Speed tasting”, გაიმართა, სადაც 34 კომპანიის წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებისთვის წარედგინა  საკუთარი პროდუქცია, გასაუბრებოდნენ და მიეღოთ კონსულტაცია მათგან. ღონისძიების ფარგლებში ამერიკელმა იმპორტიორებმა ჯამში 100-მდე ქართული ღვინო დააგემოვნეს.

სტუმრებზე ქართულმა ღვინომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

„საქართველოს ისტორია, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ისტორია, შთამბეჭდავია. ხარისხი, რომელსაც ჩვენ ვაგემოვნებთ, საოცარია. არის  ყურძნის ჯიშების დიდი ნაირსახეობა და ასევე ღვინის წარმოებისადმი ადგილობრივი მოსახლეობის უზადო სიყვარული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გავცდეთ საზღვრებს და ქართულის ღვინო გავიტანოთ აშშ-ს ბაზარზე“ - აღნიშნა ჯგუფის წევრმა ერიკ რიდმა.

კიდევ ერთი ამერიკელი იმპორტიორი, ერიკ ჯოფთმანი ქართულ ღვინოს „საუცხოოს“ უწოდებს.

 „ის იდეა, რომ ჩამოვსულიყავით საქართველოში, სადაც ეს საუცხოო ღვინო მზადდება და ადგილობრივი მეღვინეებისგან გვესწავლა ღვინის წარმოება, უბრალოდ საოცარია. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ქართული ღვინის შესახებ, მაგრამ სანამ საკუთარი თვალით არ იხილავთ საქართველოს, ვერ გაიგებთ იმ ხარისხს და ღვინის კეთებისადმი ადგილობრივების უზადო სიყვარულს, ასევე იმ სიამაყეს, რასაც ღვინის დაწურვისას აქ ხალხი განიცდის. ეს ნამდვილი გამონათებაა და ძალიან სასიამოვნო“ - აღნიშნა ერიკ ჯოფთმანმა.

ტურის ფარგლებში, დაგეგმილია ღვინის პროფესიონალების  ვიზიტი   კახეთში, იმერეთსა და ქართლში, სადაც სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს შემდეგ მწარმოებელ კომპანიებში: „იაგოს ღვინო“, „შატო მუხრანი“, GWS,  „სიმონ ჩხეიძის მარანი“, „ვარციხის მარანი/ჭოტიაშვილი“, „მეღვინეობა ხარება“, „ვინე პონტო“, KTW, “ლაგვინარი”, “ხოხბის ცრემლები”, “კახური” და „გიუაანი“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე