სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი სრულად გადამუშავებულია

საქართველო, თბილისი - 10:31 | 29.08.2018 ნანახია: 458

კახეთში, სეტყვისგან დაზარალებული მოსახლოების ყურძნის გადამუშავება დასრულებულია. 

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, სულ გადამუშავდა სეტყვისგან დაზიანებული 1,1 ათასი ტონა ყურძენი.

„ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 18 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად, რამდენიმე სოფლის 500-მდე ჰექტარი ვენახი დაზიანდა. შექმნილი ვითარების გამო, ქალაქ თელავში, რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ოპერატიულად დაიგეგმა ღონისძიებები იმ ფერმერების დასახმარებლად, ვისაც მოსავალი დაუზიანდა და ვენახები დაზღვეული არ ჰქონდა. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა მოსახლეობას სტიქიიდან მეორე დღესვე მიეცა და მთელი ეს პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობდა,“ - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს  გაიხსნა და რთველის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია. ამ დროისთვის შტაბში 41 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. რთველის მიმდინარეობის დროს შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

ყურძნის კრეფა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება და, ეტაპობრივად, მთელს კახეთს მოიცავს. 

ქართულ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა იძლევა იმის წინაპირობას, რომ რთველი 2018 ჩატარდება ორგანიზებულად და  წარმატებულად. კერძოდ, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია, შექმნილია ახალი, გაფართოებული და გადაიარაღებულია ღვინის ძველი  საწარმოები, ფუნქციონირებს  აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა. სახელმწიფოს ხელშეწყობით  მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის, ერთმნიშვნელოვნად, აღარ საჭიროებს სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე