რთველის საკოორდინაციო შტაბმა ღვინის კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:54 | 20.08.2018 ნანახია: 336

რთველის პროცესში ჩართვის მსურველ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს დღეიდან უკვე შეუძლიათ შტაბში დარეგისტრირება. 2018 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა ქალაქ თელავში რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

„საკოორდინაციო შტაბი რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია. ყურძნის კრეფა უახლოეს დღეებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყება და შემდეგ ეტაპობრივად მთელს კახეთს მოიცავს. შტაბი რთველის მიმდინარეობის დროს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს" - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრო ასლანიშვილმა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

საკოორდინაციო შტაბის ფუნქციაა რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფა, რაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოების საწინდარია. ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა მოხდება ერთიანი ელექტრონული აღრიცხვის სისტემის საფუძველზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წლიდან დანერგა.

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2018 წლის რთველი დაფუძნებული იქნება სრულ საბაზრო ფასების პირობებზე და ეს იქნება ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი რთველი, როდესაც სახელწიფო სრულად გამოდის ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე