იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მომსახურების სივრცეებში მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა

საქართველო, თბილისი - 12:10 | 17.03.2020 ნანახია: 62

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და მომსახურების დარბაზებში ხალხმრავლობის  განტვირთვის მიზნით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა. სივრცეებში არ დაიშვებიან, როგორც მომსახურების მისაღებად მოსული მოქალაქეების  თანმხლები პირები, ასევე ის მომხმარებლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად გამოცხადდებიან. 

თბილისის იუსტიციის სახლში, სადაც მომხმარებელთა ნაკადი განსაკუთრებით დიდია, ცენტრალურ შემოსასვლელთან, მომხმარებელთა ორგანიზებულად მართვის მიზნით, დამონტაჟდა სპეციალური ჯებირები. ეს საშუალებას იძლევა, ადვილად მოხდეს დარბაზში დასაშვები მომხმარებლის რაოდენობის კონტროლი.

სპეციალური ჯებირები დამონტაჟდა ასევე თბილისის იუსტიციის სახლის ჯასთ-დრაივის სარკმელებთან, სადაც 14 მარტის გადაწყვეტილების თანხმად, მზა დოკუმენტების გაცემა ხორციელდება.  აღნიშნული გადაწყვეტილება  მომსახურების სივრცეში ხალხმრავლობის შეზღუდვას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის იუსტიციის სახლში დასრულდა ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე, საკონსულტაციო და უცხოენოვან მომხმარებელთა სივრცეებში მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი. მინის ბარიერით თბილისის იუსტიციის სახლის 328 მაგიდა აღიჭურვა.    

ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომების მიღება იუსტიციის სახლმა მიმდინარე წლის 2 მარტიდან დაიწყო:

  • რეგულარულად ხორციელდება მომსახურების დარბაზებისა და სამუშაო ოთახების სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია; 
  • დღეში რამდენჯერმე ხორციელდება სამუშაო ზედაპირების, კარის სახელურების, თვითმოსახურების სივრცეში არსებული ფოტოჯიხურებისა და მომხმარებელთა მოსაცდელი სივრცეების ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშვება;  
  • სალაროებისა და საკონსულტაციო სივრცის მიმდებარე ტერიტორიებზე მოწყობილია ხელის სადეზინფექციო კუთხეები. წინა ხაზის თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია პირბადით, ხელთათმანითა და ხელის სადეზინფექციო ხსნარით; 
  • მომხმარებელსა და ოპერატორს შორის დისტანციის გაზრდის მიზნით, ყველა მაგიდასთან კლავიატურა დაგრძელებული სადგამით აღიჭურვა, რაც სრულად უზრუნველყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ 1 მეტრიან დისტანციას.

აღნიშნული ღონისძიებები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ფარგლებში ხორციელდება. იუსტიციის სახლი მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

#StopCoV




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე