ხალხზე ზრუნვა თუ მარკეტინგული აფერა - რა საფრთხე შეიცავს „ევროპაბეთის“ ინიციატივა

საქართველო, თბილისი - 20:45 | 22.02.2020 ნანახია: 659

„ევროპაბეთმა“ განაცხადა, რომ თამაშდამოკიდებულებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს. თან მას „პასუხისმგებლიანი“ საქციელი თავადვე უწოდა. კომპანიის ეს ინიციატივა მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში  შეურაცხყოფად და დაცინვად შეაფასეს. ერთი შეხედვით პოზიტიური ინიციატივა დაიგმო. თუმცა, გამოჩნდა ცენტრი „კამარა“, რომელიც მიესალმა ამ ინიციატივას და თქვა, რომ ის ჩაერთვება ამ პროცესში და ევროპაბეთთან მემორანდუმიც გააფორმა. ცხადია, ევროპაბეთი მას შესაბამის ანაზღაურებას გადაუხდის.

„კამარამ“ თქვა: „ოპტიმალური კურსი 3-6 თვემდე გრძელდება კვირაში 8-საათიანი ინტენსიური დატვირთვით, თუმცა, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, მაგალითად, ორმაგი დიაგნოზით შემოსული პაციენტის შემთხვევაში, შესაძლებელია კურსის გაგრძელებაც ადამიანის სრულ განკურნებამდე”.

ცხადია, იმაში, რომ საქმეს პროფესიონალები წარუძღვებიან (ცენტრი „კამარა“) ცუდი ნამდვილად არაფერია. უფრო მეტიც, მისასალმებელია, თუმცა საკითხი სხვაგვარად დგას. კაზინოს მხრიდან გაკეთებული ინიციატივა არ აღმოჩნეს წამახალისებელი მოთამაშეებისთვის. მაგალითად: „რამდენჯერმე გავრისკავ და მერე უფასოდ ვიმკურნალებ“.... კაზინოს მხრიდან გამოცხადებული ინიციატივის შემთხვევაში ეს რისკი კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე იგივე რომ სახელმწიფოს ან რძის კომპანიას გაეკეთებინა. საინტერესო იქნებოდა „კამარას“ პოზიცია ამ კუთხით.

ცენტრი სოციალურ ქსელში ამტკიცებს რომ უკვე ბევრმა ადამიანმა მიმართა და ამაში ცუდი არაფერია, თუმცა არაფერს ამბობს აქ გამოთქმულ ვერსიაზე, რომელიც საფუძველსმოკლებული არ არის.

„ლაბორატორია“ შეეცადა დაედგინა, რატომ მიიღო საზოგადოებამ ეს ინიციატივა დაცინვად და ზოგადად, შესაძლებელია თუ არა გემბლინგის „სრულად განკურნება“.

ვიდრე ამ შეკითხვებზე პასუხის გავცემთ, დავიწყოთ იმით თუ რა არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება.

როგორც ცნობილია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ანუ ლუდომანია, აღიარებულია, როგორც ქრონიკული დაავადებაა. ის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მსგავსად, მოიცავს კომპულსიას, ტოლერანტობას, აღკვეთის სინდრომს, ავადმოხმარებას, უარყოფასა და რეციდივს. აზარტული თამაში განიხილება, როგორც ქცევითი ადიქცია. 

რაც შეეხება განკურნებას, ერთ-ერთ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში (PubMed) მოძიებული სამეცნიერო ნაშრომების მიხედვით, გემბლინგის სრულად განკურნება შეუძლებელია. მკურნალობის ეფექტიან მეთოდებს შორის დასახელებულია კოგნიტურ-ბიჰევიორალური და მოტივაციური ინტერვიუირების თერაპია. განიხილება, ასევე, ფარმაკოლოგიური მეთოდი, თუმცა მას მხოლოდ ლტოლვის შესამცირებლად გამოიყენებენ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კოგნიტურ-ბიჰევიორალური მეთოდი სხვა მეთოდებთან შედარებით ეფექტიანია მოკლევადიანი პერიოდში 3-6 თვემდე. თუმცა სრულად განკურნების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. რეციდივის რისკი კვლავ მაღალი რჩება.

საზოგადოებამ „ევროპაბეთის“ ინიციატივას, როგორც უკვე ვთქვი, დაცინვა უწოდა და ასე გაიგო - „ჩემთან წააგე რაც გაქვს და შემდეგ სუიციდისგან დასაცავად შენივე ფულით გიმკრუნალებ“. შეიცავს თუ არა ეს სხვა საფრთხეს გარდა დაცინვისა? ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ფსიქოლოგს თათია ადამაშვილს:

„აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ანუ ლუდომანია, თანამედროვე კვლევების მიხედვით, ქრონიკული დაავადებაა. რასაკვირველია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სპეციალისტების დახმარებითა და საკუთარი პიროვნული თვისებების წყალობით, ახერხებენ იმას, რომ თავი შეიკავონ თამაშისგან, მაგრამ ამის განზოგადება არ შეიძლება. ლუდომანთა დიდ ნაწილს უჭირს თავისი პრობლემის გაცნობიერება და აღიარება. არადა, სწორედ აღიარებაა ის პირველი ნაბიჯი, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა ადამიანმა უნდა გადადგას მისგან თავის დასაღწევად.

„ევროპაბეთის“ ინიციატივა, ერთი შეხედვით, მიმზიდველად ჟღერს. შესაძლოა, მართლაც იყოს ასეთი წარმატებული შემთხვევები, ანდა ასეთმა დაპირებამ პოზიტიურად იმოქმედოს ადამიანებზე, რომლებსაც პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვთ და თავიანთ პრობლემას აღიარებენ. თუმცა, მეორე მხრივ, იკვეთება იმისი რისკიც, რომ ეს ინიციატივა უამრავი ადამიანისთვის აღმოჩნდეს მიმზიდველი.

ერთ-ერთ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებიც გარკვეული პერიოდია, აღარ თამაშობენ, თავს იკავებენ აზარტული თამაშებისგან. მათ, შეიძლება, გაუქრეთ ძველებურ სიტუაციაში აღმოჩენის შიში, იფიქრონ, რომ კიდევ ერთხელ შეუძლიათ, გარისკონ, სცადონ ბედი და შემდეგ სხვისი ჩარევით, მარტივად დააღწიონ თავი დამოკიდებულებას.

სახიფათოა, პრობლემის ასე გამარტივება. ლუდომანს, შესაძლოა, შეექმნას ილუზია, რომ რამდენჯერაც უნდა, მიუბრუნდება კაზინოს და როცა მოისურვებს, დაეხმარებიან დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში. რისკი, რომ თამაშზე დამოკიდებული გახდეს, მისთვის შემაფერხებელი აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მოთამაშეთა რიცხვი გაიზარდოს“, - უთხრა „ლაბორატორიას“ ადამაშვილმა და აღნიშნა, რომ  ასეთი ინიციატივების დაგეგმვასა და განხორციელებას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება. „ერთი შეხედვით პოზიტიურმა ინიციატივამ, შესაძლოა, უკუშედეგი მოგვცეს, როგორც ვფიქრობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში“.

„ლაბორატორია“ თემაზე მუშაობს გააგრძელებს და შეეცდება ამ ინიციატივის შესახებ კიდევ უფრო ამომწურავი მასალა შემოგთავაზოთ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე