კონკურენციის სააგენტო ორი წელია პურის გაძვირების მიზეზებს ჯერჯერობით უშედეგოდ იკვლევს

საქართველო, თბილისი - 13:03 | 11.02.2020 ნანახია: 186

კონკურენციის სააგენტომ პურის ფასის შესწავლა ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში დაიწყო, მაშინ, როცა საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა, თუმცა შედეგები უცნობია.

პურ-პროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები პურის გაძვირების მიზეზად ფქვილზე ფასების ზრდას ასახელებდენ.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ვარაუდობს, რომ პურის ფასთან დაკავშირებით შესწავლის შედეგების ნაწილს პირველ კვარტალში დადებს. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მონიტორინგის პროცესი რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

"ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად ამ მიმართულებით, 2019 წელი დასრულდა და ვფიქრობთ, რომ გარკვეულ დინამიკაში პროცესის დანახვა არის მნიშვნელოვანი. სამი ძირითადი სექტორია აქ - ხორბლის ექსპორტი, პურ-პროდუქტების წარმოება და ფქვილის წარმოების კომპონენტი. გარკვეული მიმართულებით, გარკვეული დასკვნები უკვე გვაქვს, თუმცა გვჭირდება დრო, რომ საბოლოო დასკვნები გავაკეთოთ. მე ვფიქრობ, პირველ კვარტალში გარკვეული შეფასებები ალბათ ნაწილობრივ შეიძლება გვქონდეს", - განაცხადა ლექვინაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე