საქართველოში წამლის მაღალი ფასიც კი არ არის იმის გარანტია, რომ მაღალი ხარისხისაა, ან საერთოდ აკმაყოფილებს რამე ხარისხს - სერგო ჩიხლაძე

საქართველო, თბილისი - 11:13 | 16.09.2019 ნანახია: 1809

საქართველოში წამლის მაღალი ფასიც კი არ არის იმის გარანტია, რომ მედიკამენტი მაღალი ხარისხისაა, ან საერთოდ აკმაყოფილებს რამე ხარისხს, - უთხრა „ლაბორატორიას“ ექპსერტმა ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძემ.

მისი თქმით, წამლის ფასი და ხარისხი კვლავ რჩება უსერიოზულეს გამოწვევად საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის და ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობისთვის.

„მიუხედავად გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტისა, ჯანდაცვაზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები საქართველოში ყველაზე მაღალია რეგიონში და 3-4 ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ამ დანახარჯების ლომის წილი,  60% ზე მეტი კი ზუსტად მედიკამენტებზე მოდის. 

შეზღუდული კონკურენცია, ვერტიკალური მონოპოლია, როდესაც  ერთი მესაკუთრის ხელშია ფარმაცევტული წარმოება, დისტრიბუცია, სააფთიაქო ქსელი, სადაზღვევო, კლინიკების ქსელი და მსხვილი ბანკი, ზემაღალი ფასები მედიკამენტებზე, წამლის დაბალი ხარისხი და ჯანდაცვაზე გაწეული მოსახლეობის  მაღალი დანახარჯები - ეს იმ პრობლემების  ჩამონათვალია, რაც წარმოჩინდება არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებით.  

სამწუხაროდ, საქართველოში წამლის მაღალი ფასიც კი არ არის იმის გარანტია, რომ მედიკამენტი მაღალი ხარისხისაა, ან საერთოდ აკმაყოფილებს რამე ხარისხს. ჩვენთან ბევრ მედიკამენტზე ბევრად მაღალი ფასია, ვიდრე ანალოგიურ მედიკამენტზე ევროპის სხვა ქვეყნებში ან ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში. უფრო მეტიც, ადგილზე წარმოებული გენერიკული მედიკამენტი ხშირად ევროპულ ბრენდულ მედიკამენტზე უფრო ძვირი ღირს“, - აცხადებს „ლაბორატორიასთან“ საუბარში სერგო ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო, უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მოქალაქეებს წვდომა ჰქონდეთ ხარისხიან მედიკამენტებთან, იქნება ეს გენერიკი თუ ბრენდული მედიკამენტი.

მისივე თქმით, წამლის უსაშველოდ გაძვირებას მხოლოდ ლარის ფაქტორი არ განაპირობებს. თუმცა, ლარის კატასტროფული და სტაბილური გაუფასურება მნიშვნელოვნად ამძიმებს სიტუაციას და ფასების მატების სტიმულირებას ახდენს, რა თქმა უნდა.

სერგო ჩიხლაძე ურჩევს მთავრობას დაინტერესდეს ფარმაცევტული ბაზრით,  განახორციელონ შესაბამისი მოკვლევა, შეიმუშაონ წამლის ახალი კანონი, რომელიც დაარეგულირებს წამლის რეგისტრაციის და ბაზარზე დაშვებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის შემუშავება ხარისხიანი გენერიკული წამლების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ, რაც შეამცირებს დანახარჯს.

„ხარისხის კონტროლი ხომ საერთოდ არ არსებობს ჩვენ ქვეყანაში და მიუხედავად არაერთი დაპირებებისა, მთავრობამ ვერ ან არ მოახერხა ამ მხრივ, რამე წარმატებული ნაბიჯის გადადგმა. ცალკე თემაა კიდევ პოლიპრაგმაზია, რაც გულისხმობს ზედმეტი რაოდენობის წამლების დანიშვნას პაციენტებისთვის და ამასთან პირდაპირ კავშირშია სამედიცინო მომსახურების დაბალი ხარისხი, ექიმთა კვალიფიკაცია და ფარმაცევტული კომპანიების არაჯანსაღი თანამშრომლობა სამედიცინო დაწესებულებებთან“, - უთხრა „ლაბორატორიას“ სერგო ჩიხლაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე