დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 15:32 | 14.09.2019 ნანახია: 157

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემისა, შენარჩუნებულია ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პოზიტიური ტენდენცია.

2019 წლის 8 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და 889 321 შეადგინა. ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობის ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესტუმრნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით.

პირველ 8 თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ ტერიტორიებს:

*    მარტვილის კანიონს
*    ყაზბეგის ეროვნულ პარკს
*    პრომეთეს მღვიმეს
*    ოკაცეს კანიონის
*    თბილისის ეროვნულ პარკს

2019 წლის 8 თვის განმავლობაში ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 783 6484 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლო წლებში ტერიტორიების განვითარებისთვის 20 მლნ ლარია დახარჯული.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. მიმდინარე წელს, ვიზიტორებისთვის ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნა, სადაც ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო და ვიზიტორთა ცენტრი აშენდა. ბუნების ძეგლი ვიზიტორებს მაისის თვიდან მასპინძლობს და 4 თვეში მას 16 000 ადამიანი ესტუმრა.

ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე