შეიძლება, ზოგიერთი მედიკამენტი გაძვირდეს - PSP-ის დამფუძნებელი

საქართველო, თბილისი - 12:38 | 10.09.2019 ნანახია: 57

ბოლოს წამლების ფასებს რომ დაითვლიან, არ გაუკვირდეთ; შეიძლება, ზოგიერთი მედიკამენტი გაძვირდეს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრი და სააფთიაქო ქსელ PSP-ის დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ასე ეხმაურება ის bm.ge-სთან ჯანდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებულ სიახლეს, რომ სახელმწიფო წამლების რეგულირებას დაიწყებს.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველთვის თავს არიდებს ამ თემებზე საუბარს, რათა მისი გამოსვლები საკუთარი ბიზნესის ლობირებად არ აღიქვან.

კახა ოქრიაშვილი bm.ge-სთან საუბრისას საერთაშორისო პრაქტიკაზე მიუთითებს, როცა მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში რენტაბელობის ზედა ზღვარი აქვთ დაწესებული 10% საბითუმო რგოლს და 40% სააფთიაქო ქსელს. თუმცა, ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მათ ფასები ევროში აქვთ და არა ისეთ მერყევ ვალუტაში, როგორიც ლარია.

“თუმცა, ეს არ ეხება ძვირადღირებულ, მაგალითად ონკოლოგიურ მედიკამენტებს, რომელთა თვითღირებულება რამდენიმე ათას ევროს ითვლის.

ჩვენ 90%-ზე მეტ მედიკამენტებს ვყიდულობთ ევროში და დოლარში და ჩვენ ასე ფიქსირებულ ფასს ვერ დავადებთ ლარში, ფიქსირებული ფასის დაწერა შეგვიძლია ევროში ან დოლარში. შესაბამისად, რაც სწორია და აპრობირებულია, მე იმას ვემხრობი. თუ რამეს დავარეგულირებთ, რეგულაცია უნდა იყოს სწორედ ვალუტის კურსებიდან გამომდინარე.

ამასთან, ჩვენთან ყველა სააფთიაქო ქსელს აქვს სოციალური დღეები, როცა ფასდაკლებები მოქმედებს. ეჭვი მეპარება, რომ ამ ფასებზე დაბალი ფასები რაიმე რეგულაციამ მოგვიტანოს. ეს არის უდაბლესი ფასები და ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა ამ ქსელების მხრიდან.

ბოლოში, როდესაც დაითვლიან(მედიკამენტების ფასებს) არ გაუკვირდეთ.

ევროპული რეგულაციების ფასები თუ იქნება, შეიძლება რაღაცები გაძვირდეს, რადგან აქ უფრო დაბალი დარიცხვებია(მარჟები), ვიდრე იქ”,- აცხადებს დეპუტატი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე