სოლო კლიენტები „საქართველოს ბანკს“ უჩივიან

საქართველო, თბილისი - 11:36 | 30.05.2019 ნანახია: 493

საქართველოს ბანკის 2 სოლო კლიენტი აცხადებს, რომ ინტერნეტბანკის გამოყენებით თაღლითებმა დიდი ოდენობით თანხა მოპარეს, ხოლო ბანკმა ისინი სათანადოდ არ გააფრთხილა და დაიცვა. ბანკი პასუხისმგებლობას მომხარებლებს აკისრებს და აცხადებს, რომ მათ თვითონ არ დაიცვეს საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოება. ბანკის ორივე კლიენტი სასამართლო დავისთვის ემზადება. აღნიშნულის შესახებ სტატია „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა.

საქართველოს ბანკის მომხმარებელი სოსო სეფაშვილი ამბობს, რომ 2019 წლის მაისში მისი მიმდინარე ანგარიშიდან ჰაკერული გზით დიდი ოდენობის თანხის მითვისება მოხდა. მისი თქმით, ბანკი პასუხიმგებლობას იხსნის და ეუბნება, რომ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს გადარიცხვა მას არ გაუკეთებია. სეფაშვილის ადვოკატი გიგი სისვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ბანკმა მომხმარებლის მონაცემების დაცვის კუთხით უსაფრთხოება ვერ დაიცვა, შესაბამისად,  ვალდებულია სეფაშვილს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. ადვოკატი ამბობს, რომ  სოსო სეფაშვილს ანგარიში დაზღვეული ჰქონდა.

კიდევ ერთი დაზარალებული გელა გურული, რომელიც  12 წელია უცხოეთში, ემიგრაციაში ცხოვრობს, ამბობს, რომ საქართველოს ბანკის სოლო კლიენტი 2017 წლიდან არის, თუმცა დანაზოგს მანამდეც ამ ბანშკი ინახავდა. გურული ამბობს, რომ თაღლითებმა ინტერნერტბანკის გამოყენებით 16 000 ლარზე მეტი მოპარეს. თაღლითებმა ინტერნეტში შექმნეს საქართველოს ბანკის ვებგვერდის მსგავსი ყალბი საიტი. შემდეგ ეს ვებგვერდი ფეისბუკზე დაარეკლამეს და მასზე გადამსვლელ მომხმარებლებს გარკვეულ ბენეფიტებს დაჰპირდნენ. ვებგვერდი მომხმარებლებს საჩუქრების მისაღებად მისი პერსონალური მონაცემების, მათ შორის ინტერნეტბანკის პასვორდის შეყვანას სთხოვდა. მას შემდეგ, რაც თაღლითებმა ანგარიშის პასვორდი მოიპოვეს, ისინი გურულის ინტერნეტბანკის ანგარიშზე შევიდნენ და თანხები გადარიცხეს. თუმცა იმისათვის, რომ ინტერნეტით საბანკო გადარიცხვა განახორციელო, კიდევ ერთი დაცვის მექანიზმი უნდა გადალახო: თანხის გადარიცხვისას ბანკი ტელეფონის ნომერზე (ან მეილზე) გწერს 4-ნიშნა კოდს, რომელიც შემდეგ შეგყავს ინტერნეტბანკში და ტრანზაქცია ხორციელდება. გურული ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ბანკის მიმართ ისაა, როგორ მოახერხეს  თაღლითებმა ბანკში შეეცვალათ მისი ფინანსური ნომერი. 

7 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ინტერნეტბანკის მეშვეობით შეეძლოთ ფინანსური ნომერი ანუ ძირითადი მობილურის ნომერი დისტანციურად შეეცვალათ (ანუ ინტერნეტბანკის მეშვეობით). ბანკმა 7 აპრილის შეეძლო, ფინანსური ნომრის ცვლილება დისტანციური არხებიდან შეზღუდა.

საქართველოს ბანკი სრულ პასუხისმგებლობას დაზარალებულებს - სოსო სეფაშვილსა და გელა გურულს აკისრებს, რადგან მათ თავად გააზიარეს საკუთარი საბანკო მონაცემები და შედეგად, კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდნენ. სოსო სეფაშვილისა და გელა გურულის  საქმესთან დაკავშირებით  ამ ეტაპზე აღძრულია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.  გელა გურული და სოსო სეფაშვილი სასამართლოში ჩივიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე