11 მაისს, მთაწმინდის პარკში, ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:00 | 07.05.2019 ნანახია: 107

11 მაისს, მთაწმინდის პარკში, ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება.  ახალი ღვინის ფესტივალი უკვე მეათედ იმართება და წელს მისი მხარდამჭერები ტრადიციულად არიან - ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ.თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, ჯაკო FM. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი g.Vino, 8000 მოსავალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

11 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალზე ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს დიდი სიამოვნება გელით - კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ოცხანური საფერე, ქისი, ხიხვი, ჩინური, მწვანე კახური, თავკვერი, შავკაპიტო, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, წულუკიძის თეთრა, ჩხავერი, ძელშავი, სხილათუბანი, კუნძა, ხიდისთაური, კახური მცვივანი, საფერავი ბუდეშურისებრი და სხვა.

როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა. თქვენ გელით ასეულობით ახალი ღვინო, ახალი ჯიშები, ახალი სახელები და შთაბეჭდილებები.

ახალი ღვინის ფესტივალი 2019 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

2019 წლის 11 მაისს ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 78 ღვინის კომპანია, 153 მცირე საოჯახო მარანი, 19 სხვა კომპანია. სულ 250 ფესტივალის მონაწილეა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე