თბილისში მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 03.05.2019 ნანახია: 72

მაისიდან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi მასპინძლობს. 2 მაისს, თბილისში კომპანიის „სიტი ემ“(City M) 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ ოფიციალურად გაიხსნა.

სასტუმროს გახსნისათვის მოსამზადებელი სამუშაოები და მართვა კომპანიამ "მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ" (McInerney Hospitality International Georgia) განახორციელა.

სასტუმროს გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ასევე ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობისათვის თბილისში სპეციალურად ჩამოვიდნენ Wyndham-ის რეგიონული ხელმძღვანელობის წარმომადგენელი - ევროპის, შუა აზიის, ევრაზიისა და აფრიკის მიმართულებების პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი დიმიტრის მანიკისი და McInerney Hospitality International Georgia-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ მაკინერნი.

დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში განთავსებული სასტუმროს „ვინდამ გრანდ თბილისი“ მშენებლობის პროცესში, მფლობელმა კომპანიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ მოდერნისა და ძველი არქიტექტურის ჰარმონიულ სინთეზს მიანიჭა და პროექტი უნიკალური და ურთულესი ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელა. არქიტექტურა ბუნებრივადაა შერწყმული მუზეუმების ძველ უბანთან. სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიული შენობებს შორისაა მოქცეული.

კომპანიამ „სიტი ემ“, პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტებით სრულად გაარემონტა 3650 კვ.მ ფართი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, სასტუმროს Wyndham Grand Tbilisi გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ინვესტორებს მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იგი დარწმუნებულია, ახალი სასტუმრო დედაქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება. პრემიერმა სამაგალითოდ შეაფასა კომპანიის "სიტი ემ", როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის კულტურის სფეროსთან თანამშრომლობის ფაქტიც. 

„აღნიშნული სასტუმრო მართლაც ძალიან ჰარმონიულად ჩაჯდა მუზეუმების უბანში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში ფართი გადაეცა  ეროვნულ მუზეუმს და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა თანამშრომლობდეს სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესი კულტურის სფეროსთან. მთავრობა ასეთ პროექტებს ყოველთვის მხარს დაუჭერს. ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, სადაც თითოეული ინვესტორი გრძნობს, რომ ქვეყანა ყოველწლიურად ვითარდება, წინ მიდის და საქართველოში ჩადებული ინვესტიციები გენერირებენ უკუგებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, აქედან - 2 საპრეზიდენტო, 5 საკონფერენციო სივრცე, საცურაო აუზი, ლაუნჯ-ბარი და 3 რესტორანია, მათ შორის, პანორამული “სქაი ბარი”. 1500 კვ.მ ჰოლი სტუმრებისთვის განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის, ხოლო სპეციალური დაკვეთით Wyndham Grand Tbilisi-სათვის მსოფლიოში განათების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Lasvit მიერ დამზადებული 22 მეტრიანი, უნიკალური „მშვიდობის ჭაღი“, მას კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს. აღსანიშნავია, რომ  კომპლექსში გამოფენებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისთვის ყველა პირობაა გათვალისწინებული.

კომპანია Wyndham Hotels & Resorts (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე: WH) მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს და მისი პორტფელი სასტუმროების ისეთ ბრენდებს მოიცავს, როგორიცაა Wyndham Grand®, Wyndham®, Wingate®, Wyndham Garden®, Ramada®, Dolce Hotels and Resorts®, Tryp®, Baymont®, Esplendor Boutique Hotels®, The Trademark Collection®, Hawthorn Suites®, Microtel®, La Quinta®, AmericInn®, Days Inn®, Super 8®, Howard Johnson® და Travelodge®.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ Wyndham Hotels & Resorts სასტუმროების მართვის სერვისის წამყვანი მიმწოდებელია. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. ამ ჩამონათვალს სულ მალე თბილისიც დაემატება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე