საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი „ევროკავშირი კლიმატისთვის“ (EU4Climate) დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:27 | 24.04.2019 ნანახია: 134

ევროკავშირის პროექტი „ევროკავშირი კლიმატისთვის“ (EU4Climate) კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელების მიზნით დახმარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანს, ბელარუსიას, მოლდოვას, სომხეთსა და უკრაინას გაუწევს.

პროექტის მიზანია კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესება და კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შემცირება.

ექვსივე ქვეყანაში პროექტი EU4Climate გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და მთავრობებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი შედგება ევროკავშირის დაფინანსებისგან (8 მილიონი ევრო) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებისგან (800 ათასი ევრო).

 „საქართველოს მთავრობა მიესალმება საერთაშორისო თანამშრომლობას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში. აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტები და აქტიური ძალისხმევის შედეგად, ყველა სექტორში განვახორციელოთ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ქვეყანას წაადგება კლიმატის ცვლილების სფეროში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

ევროკავშირის პროექტი EU4Climate ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას გაეროს კლიმატის კონვენციით განსაზღვრული სტრატეგიების შემუშავებაში. საქართველოში ჩამოყალიბდება გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის ეროვნული სისტემა, რომელიც „პარიზის შეთანხმების“ შესაბამისად განხორციელდება.

პროექტის შედეგად, საქართველო შეძლებს კლიმატის ძალისხმევისათვის საჭირო სახსრების მოპოვებას და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ზომების დაგეგმვას.

„კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა. ახალი პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებაში და „პარიზის შეთანხმების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენ ხელს შევუწყობთ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას და გარემოსა და ადამიანებზე უარყოფითი გავლენის შემცირებას“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორმა, ალექსანდრე დარასმა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ძალისხმევა ხელს უწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას.

„კლიმატის ცვლილება მყისიერ და გონივრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, იქნება ეს ტყეების შენარჩუნება, თუ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების ხმარებიდან ამოღება. UNDP-ის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ განვითარების მწვანე გზას მრავალმხრივი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის წახალისებისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

ევროკავშირის პროექტი EU4Climate აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წარსულში შესრულებული ინიციატივების  შედეგებს ეყრდნობა. მათ შორისაა მასშტაბური რეგიონული პროგრამა ClimaEast, რომელიც 2013 - 2017 წლებში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ზომების გატარების მიზნით განხორციელდა. საქართველოში პროგრამამ ClimaEast ხელი შეუწყო ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებში განლაგებული საძოვრების  რეაბილიტაციასა და შენარჩუნებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე