ლევან დავითაშვილმა კონფერენცია „ქალები საქართველოს ღვინის ბიზნესში“ გახსნა

საქართველო, თბილისი - 15:33 | 23.04.2019 ნანახია: 122

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართული კონფერენცია „ქალები საქართველოს ღვინის ბიზნესში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

„მოგეხსენებათ, ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათი და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქალების როლი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში, მათ შორის, ღვინის სექტორის გაძლიერებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ქალბატონების ჩართულობა მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებას ახალ სიცოცხლეს შესძენს. მოხარული ვარ, რომ ღვინის ბიზნესში ჩართული ქალბატონების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები ღვინის სექტორში ჩართული 22 წარმატებული ქალბატონის ისტორიას გაეცნო. 

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლემ, მარია კნირშმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ქვეყნის დირექტორმა, კარლ ტესტენსენმა მიმართეს და ღვინის ინდუსტრიის განვითარებაში ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

კონფერენციის ფარგლებში, რომლის მიზანსაც ქართველი და გერმანელი მეღვინე ქალების შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის და ახალი წიგნის „ნელი დუღილი - ქალები ქართული ღვინის ბიზნესში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე