უკრაინელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველო, თბილისი - 15:32 | 23.04.2019 ნანახია: 276

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და  უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ტუროპერატორის “Pan Ukraine”-ს თანამონაწილეობით  საქართველოში  უკრაინიდან გაცნობითი ტური მოეწყო, სადაც   უკრაინის სხვადასხვა ქალაქის ტურისტული კომპანიების 14  წარმომადგენელი მონაწილეობდა.

9 დღიანი ინფო-ტურის განმავლობაში უკრაინელმა სტუმრებმა თბილისი მცხეთა, სტეფანწმინდა,  გორი, უფლისციხე, ვარძია, ახალციხე,  წყალტუბო, ქუთაისი და  ბათუმი მოინახულეს. თბილისსა და ქუთაისში  უკრაინელი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების შესახებ ისაუბრეს.

ინფო-ტური უკრაინიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის,  ქუთაისის ტურიზმის ცენტრისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში უკრაინიდან საქართველოში 33,645 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 8.9%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

„უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, მოხარულები ვართ, რომ დღეს ვმასპინძლობთ უკრაინის წამყვან ტურისტულ კომპანიებს, მათმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საქართველოს ძირითადი ტურისტული ლოკაციები. ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებს და უკრაინელ ტურ-ოპერატორებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ ბიზნეს ურთიერთობები, რომ უკრაინის ტურისტულ ბაზარზე ქართული ტურისტული პროდუქტების რეალიზება  მოხდეს და გაიზარდოს ტურისტული ნაკადი.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე