ახალგაზრდა ევროპელი ელჩები შეუერთდნენ დასუფთავების კამპანიას ქუთაისში - უარი თქვი პლასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე

საქართველო, თბილისი - 15:24 | 23.04.2019 ნანახია: 68

22 აპრილს, 50 ახალგაზრდა მთელი საქართველოდან შეუერთდა დედამიწის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ დასუფთავების აქციას ქუთაისში. ახალგაზრდებმა და ადგილობრივმა აქტივისტებმა რიონის ნაპირები გაასუფთავეს პლასტმასის ნარჩენებისგან.

დასუფთავების კამპანიის ორგანიზატორი იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები - სუფთა შავი ზღვა“, რომელსაც შეურთდა 17 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი.

“ჩვენ, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან, ვცდილობთ ორგანიზება გავუწიოთ და ასევე, მონაწილეობა მივიღოთ ქვეყანაში დაგეგმილ ყველა გარემოსდაცვით აქტივობაში. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ის ცოცხალი არსებები, რომლებიც ვაწარმოებთ ნარჩენებს და ამიტომაც, ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ქცევაზე. ჩვენი დღევანდელი აქტივობით მესიჯს ვუგზავნით ახალგაზრდებს, რომ იზრუნონ გარემოზე, დაეხმარონ ერთმანეთს და ერთად დაასუფთავონ თავიანთი ქალაქები,” - აღნიშნავს ახალგაზრდა ევროპელი ელჩი საქართველოდან, მარიამ მორჩაძე.

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი“ აღმასრულებელი დირექტორი და პროექტების კოორდინატორმა, ქეთევან ცხაკაიამ განმარტა: „ნარჩენები ძალიან აბინძურებს გარემოს. განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს პლასტიკით მდინარეების და ზღვის დაბინძურება, რადგან პლასტიკი ხანგრძლივად ინარჩუნებს მდგრადობას და დიდ საშიშროებას უქმნის  ცოცხალ ორგანიზმებს, კერძოდ, წყლის ბინადრებსა და ფრინველებს. მიკროპლასტიკი ასევე სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის“.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასუფთავების აქციის შედეგად რიონის ნაპირებზე პლასტიკის ნარჩენების 16 პარკი მოგროვდა. აქტივისტები იმედოვნებენ, რომ ინიციატივაში მონაწილეობით, პლასტიკის ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების შესახებ თანამოქალაქეების ცნობიერებას აამაღლებენ და ასევე ხელს შეუწყობენ ნარჩენების სეპარირების დაწყებას ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის მიზანია თანამშრომლობის და სტაბილური კავშირის ხელშეწყობა ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირიდან და მისი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

ქსელი, უპირველეს ყოვლისა, არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მოსაზრებების და ინფორმაციის ურთიერთგაზიარებას ევროკავშირის შესახებ, ასევე ახალგაზრდების მონაწილეობას საინფორმაციო საქმიანობაში. ქსელი ორიენტირებულია ხალხთა შორის კონტაქტებზე და დიალოგით მართულ საქმიანობაზე, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას და ევროკავშირის შესახებ წარმოდგენის გაუმჯობესებას, ისევე, როგორც აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის უკეთ შეფასებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე