არასწორი კვება უფრო მეტ ადამიანს კლავს მსოფლიოში, ვიდრე თამბაქოს მოწევა - ახალი გლობალური კვლევა

საქართველო, თბილისი - 17:17 | 17.04.2019 ნანახია: 267

195 ქვეყანაში კვების რისკების შესწავლის შემდეგ, 130-ზე მეტი მეცნიერისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ასკვნის, რომ არასწორი კვება დედამიწაზე გაცილებით მეტ სიკვდილს უკავშირდება, ვიდრე სხვა რისკ-ფაქტორები, თუნდაც თამბაქოს მოწევა, ან ნარკოტიკების გამოყენება.

“ავადობის გლობალური კვლევის” შედეგები გასულ ოთხშაბათს ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა, რომლის გაკეთების საფუძველსაც აღნიშნული ნაშრომი იძლევა:

  • არაჯანსაღი კვება უკავშირდება გულსისხლძარღვთა დაავადებებს, კიბოს და მე-2 ტიპის დიაბეტს
  • დედამიწაზე ცუდ კვებას 11 მილიონამდე ადამიანის სიკვდილი მიეწერება, ანუ ყოველი მე-5 (2017წ.), ზოგადად, სიკვდილიანობის 22%
  • სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მივიღოთ მეტი მთლიანი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, თხილეული და თესლეული
  • მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ რაციონში სოდიუმი (უხვადაა მარილში და სხვა საკვებ პროდუქტში); გადამუშავებული ხორცი; შაქარი (განსაკუთრებით ტკბილი სასმელები) და ე.წ. ტრანს-ცხიმები

კვლევის მიხედვით, 11 მილიონი სიკვდილიდან თითქმის 10 მილიონი გულსისხლძარღვთა დაავადებებმა გამოიწვია, 913 000 - კიბომ და 339 000 - მე-2 ტიპის დიაბეტმა.

1990 წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 8 მილიონი იყო. წლიური მაჩვენებლის 11 მილიონამდე ზრდა მეცნიერების თქმით, უმეტესად დედამიწაზე მოსახლეობის და ასაკოვანი ადამიანების რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

არასწორ კვებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი იყო უზბეკეთში, ყველაზე დაბალი კი ისრაელში. ბრიტანეთი 23-ე ადგილზეა, შეერთებული შტატები - 43-ე, ინდოეთი - 118-ე და ჩინეთი - 140-ე. ისრაელის გარდა, ზედა ხუთეულში მოხვდა რამდენიმე ე.წ. ხმელთაშუა ზღვის დიეტის მიმდევარი ქვეყანა, როგორიცაა ესპანეთი და საფრანგეთი. სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვს იაპონიასაც.

“ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ წამყვან რისკ-ფაქტორებს შორისაა სოდიუმის დიდი რაოდენობით მიღება, ჯანსაღი საკვების რაციონში ნაკლებად ჩართვა, როგორიცაა მთლიანი მარცვლეული, ხილი, თესლეული და ბოსტნეული” - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მონაცემების და ევალუაციის ინსტიტუტის დირექტორი კრის მიურეი. მისი თქმით, მეცნიერები დიდი ხანია ამას ხვდებოდნენ, თუმცა პირველად დაიდო მასშტაბური გლობალური კვლევის შედეგები, რომელიც მათ ეჭვებს ადასტურებს.

ნაშრომის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 12% იღებს საკმარისად რეკომენდებული თესლეულის რაოდენობას. უმრავლესობა კი სასურველზე 10-ჯერ მეტ ტკბილ სასმელებს სვამს და ორჯერ მეტ გადამუშავებულ ხორცს მიირთმევს (სტატიის ბოლოს იხილეთ რეკომენდებული საკვები პროდუქტების დღიური ნორმა).

ამავე დროს, დედამიწაზე 800 მილიონ ადამიანს საკვები არასაკმარისად აქვს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შიმშილი და ჭარბწონიანობა, ორივე მალნუტრიციის ფორმებია. ვაშინგტონში მდებარე კვლევითი ორგანიზაციის, “სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრის” მონაცემებით, ჯანდაცვის სისტემებს მალნუტრიცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით “წელიწადში 3.5 ტრილიონი დოლარი უჯდება. აქედან გულსისხლძარღვთა დაავადებების და მე-2 ტიპის დიაბეტის წილი 2 ტრილიონია”.

მაშინ როცა სახელმწიფოს ძლიერება და სტაბილურობა მისი მოსახლეობის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მალნუტრიცია დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ მესამე ადამიანს ეხება და ეს სახელმწიფო ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს - ნათქვამია “სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრის” კვლევაში “ნუტრიენტები და კეთილდღეობა”. ნაშრომის მიხედვით, ნუტრიენტებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ბავშვის სრული პოტენციალის მიღწევის საქმეში და ფინანსურად ეს სახელმწიფოსთვის ყველაზე ეფექტური ინვესტიციაა, რომელიც მას ყოველ ინვესტირებულ დოლარზე, $16 დოლარის მოგებით უბრუნდება.

დასასრულს, ამ თემაზე კიდევ ერთ საინტერესო გლობალურ კვლევაზე ვისაუბრებთ. ის ჭარბწონიანობაზე და ანემიაზე ამახვილებს ყურადღებას და ნაშრომში საქართველოც არაერთხელ არის ნახსენები. “2018 წლის ნუტრიენტების გლობალური ანგარიში”, რომელმაც 194 ქვეყანა შეისწავლა, აჩვენებს, რომ დედამიწაზე 1.9 მილიარდი ადამიანი ჭარბწონიანია, აქედან 41 მილიონი ბავშვია. ჭარბი წონა ქალების 15 პროცენტის პრობლემაა, ანემია კი ორსული ქალების 40.1 პროცენტს აწუხებს და არამარტო ორსულებს.

როგორც გლობალური ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოში ორივე პრობლემა, მალნუტრიციაც და ანემიაც ისევ მწვავე პრობლემებად რჩება. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ “2018 წლის ნუტრიენტების გლობალურ ანგარიშში”, იქ, სადაც ჩამოთვლილია ქვეყნები, რომლებიც პრობლემის დაძლევაზე და პროგრესის მისაღწევად დასახულ მიზნებზე მუშაობენ, საქართველო არ არის. ის იმ სიაში მოხვდა, სადაც 2018 წელს ამ მიმართულებით არცერთ რეკომენდებულ მიზანზე არ უმუშავიათ.

და ბოლოს: დავუბრუნდეთ “ავადობის გლობალურ კვლევას” რომელზეც სტატიის დასაწყისში ვსაუბრობდით. ნაშრომში მოცემულია სპეციალისტების რეკომენდაციები საკვების დღიურ ნორმებთან დაკავშირებით, თუ იდეალურ შემთხვევაში, ჯანმრთელმა ადამიანმა რომელი პროდუქტი დღეში რა რაოდენობით უნდა მიიღოს.

ხილი

(ახალი, გაყინული, გამომცხვარი, დაკონსერვებული, ან გამხმარი. არ ითვლება დამარილებული, ან დამჟავებული)

250 გრ.

(200-300გრ)

ბოსტნეული

(ახალი, გაყინული, გამომცხვარი, დაკონსერვებული, ან გამხმარი. არ ითვლება დამარილებული, ან დამჟავებული)

360 გრ.

(290-430გრ)

პარკოსანი

(ბარდა, სოიო, ლობიო... ახალი, გაყინული, გამომცხვარი, დაკონსერვებული, ან გამხმარი. არა - დამარილებული, ან დამჟავებული)

60 გრ.

(50-60გრ)

მთლიანი მარცვლეული

(ხორბალი, წიწიბურა, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, ბრინჯი... )

125 გრ.

(100-150გრ)

თხილეული და თესლეული

21 გრ.

(16-25გრ)

რძე

(ნებისმიერი ცხიმიანობის; არა - მცენარეული)

435 გრ.

(16-25გრ)

წითელი ხორცი

(ძროხის, ღორის, ცხვრის, თხის... არა - კვერცხი, ქათამი, ან თევზი)

23 გრ.

(18-27გრ)

გადამუშავებული ხორცი

(შებოლილი, დამარილებული, ქიმიურად დამუშავებული)

3 გრ.

(0-5გრ)

წვენები

(გაზიანი სასმელები სოდიუმით, ტკბილი წყლები, ხილის წვენები)

3 გრ.

(0-5გრ)

კალციუმის სხვა წყაროები

(მაწონი, ხაჭო, ყველი...)

1-25 გრ.

(1-50გრ)

ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები

(ძირითადად - თხევადი მცენარეული ზეთები)

11% დღიური ენერგიის

(9-13%)

აღნიშნული ნაშრომი ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალ “ლანცეტში” 3 აპრილს გამოქვეყნდა. კვლევა დააფინანსა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა. დამატებითი დეტალების სანახავად გადადით ჟურნალ “ლანცეტის” გვერდზე.

წყარო: სტატია თარგმნა და მოამზადა "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ჟურნალისტმა მაია ქვარცხავამ. თავდაპირველად გამოქვეყნდა "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ვებგვერდზე.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე