კუს ტბასა და მთაწმინდის პარკს შორის 6-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა

საქართველო, თბილისი - 12:38 | 17.04.2019 ნანახია: 234

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, კუს ტბისა და მთაწმინდის ტერიტორიაზე  ტყის აღდგენისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობის ღონისძიებები იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განსახორციელებლად, GIZ-თან თანამშრომლობის მემორანდუმი უახლოეს დღეებში გაფორმდება.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალურად მერის მოადგილე მაია ბითაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ პროექტი დედაქალაქის ლანდშაფტის ახალი სივრცეების ათვისების შესაძლებლობას შექმნის. 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. ჩვენ უკვე დავასრულეთ ტყის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც, გამოიყო რვა ძირითადი სატყეო სექტორი. ამ ინვენტარიზაციისა და შესაბამისი სატყეო კვლევების საფუძველზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ გრანტი გამოყო. რამდენიმე დღეში  გაფორმდება მემორანდუმი და წლის ბოლომდე დაახლოებით, 6-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან დააკავშირებს.   ბილიკის გარშემო მოეწყობა საკემპინგე და დასასვენებელი ზონები, ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე, გადმოსახედები, რაც ტურისტულად მიმზიდველი იქნება. როგორც დედაქალაქის სტუმრებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ, ქალაქში ისეთ სივრცეებს გაეცნონ, სადაც ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო. ამასთან, 20 ჰა ფართობზე განხორციელდება ტყის აღდგენის ღონისძიებები. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე