21 და 22 ივნისს საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 15:09 | 16.04.2019 ნანახია: 1074

ასოციაცია “ქართული ღვინო“-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2019 წლის 21 და 22 ივნისს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მესამედ ჩატარდება.

კონკურსის მიზანს, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ნიმუშების წარდგენა 14 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ინტერესი ქვევრში ღვინის დაყენების მიმართ, წინა წელთან შედარებით 2018-ში კონკურსზე, 25%-ით მეტი ღვინის ნიმუში გაისინჯა და შეფასდა.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძელესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის  ამაღლებისთვის და კონკურსის მთავარი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ; კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელი ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში.

2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმები იხილეთ ლინკზე - https://bit.ly/2V3ASNt




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე