ქართულმა „ქარვისფერმა ღვინომ“ OIV-ის მხარდაჭერა მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 12:29 | 08.04.2019 ნანახია: 18

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში „ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის“ შეტანის საკითხი განხილვის საბოლოო ეტაპზე გადავიდა. 

პარიზში, OIV-ის სათაო ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრას  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო, სადაც „ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის“ სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეტანის საკითხმა სამუშაო ჯგუფის  მხარდაჭერა მოიპოვა. OIV-ის პროცედურების შესაბამისად, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2020 წელს.

საფრანგეთში ვიზიტის დროს ლევან მეხუზლამ ასევე მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში და შეხვედრები გამართა OIV-ის ხელმძღვანელობასთან.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) 2017 წელს დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო (ქარვისფერი ღვინო)  OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.

ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში  სულ 7 ღვინოა:  შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი“ და საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე