მაწონი კარგად აქრობს შიმშილისა და წყურვილის გრძნობას

საქართველო, თბილისი - 13:33 | 08.08.2018 ნანახია: 929

მაწონი სუფთა ქართული წარმოშობის პროდუქტია და შესაბამისი პატენტიც აქვს მიღებული. სხვათა შორის, ქართველები მაწონს დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ამზადებდნენ და განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ ე.წ. „დედოს“ დამზადების რეცეპტს, რომლისგანაც მაწონს ამზადებენ. არსებობს გადმოცემა, რომ მაწონი და მისი დედო თავისთავად დამზადდა რძეში არსებული რძემჟავა ბაქტერიებისაგან. როგორც ჩანს, საპალნეზე გადაკიდებული რძე ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ აიჭრა და როდესაც ადამიანებმა ნახეს, რომ რძეზე გაცილებით გემრიელი საკვები მიიღეს, მისი დამზადება დაიწყეს. ასე წარმოიშვა უნიკალური შემადგენლობის მქონე საკვები - მაწონი. სხვათა შორის, ისტორიული წყაროებიც ადასტურებს, რომ ეს ქართული პროდუქტია. ის საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში იწარმოებოდა, ამ საიდუმლოს არავის ანდობდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ხალხები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, ზოგი სხვა ეროვნების რძალი გახდა, ზოგი - სიძე, მერე ნათესავმა ნათესავს ასწავლა, მეგობარმა - მეგობარს და ასე გავრცელდა მაწვნის რეცეპტი მთელ კავკასიაში.

მაინც რა მზადდებოდა საქართველოში მაწვნისგან? – ფაქტია, რომ იგი ქართველი გლეხისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენდა. ძველ თბილისში მემაწვნეები კოლორიტს ქნმნიდნენ. ყოველ სისხამზე ქალაქის განაპირა სოფლებიდან ჩამოსულ მემაწვნეებს ძირითადად თავისი მუდმივი მუშტარი ჰყავდათ. ეს ტრადიცია თბილისს დღემდე შემორჩა. ტრადიციულად მას თიხის ქოთნებში ადედებდნენ. ზაფხულის ცხელ დღეებში წყალგარეული მაწონი გაგრილების კარგ საშუალებას წარმოადგენდა და მისგან მომზადებული კერძებიც ხშირ შემთხვევაში ცივადაც იჭმებოდა. მაწვნის შეჭამანდი, რომელიც სოფელში ერბოში მოშუშული ხახვის, ფქვილის, პიტნისა და ქინძის დამატებით მზადდება, ცივ წვნიანად არის მიჩნეული. საგაზაფხულო კერძად ითვლება ასევე მაწონში ჩაჭრილი ბლომად კიტრითა და სხვადასხვა მწვანილით შეზავებული კერძი, რომელსაც ბლომად ახალ ნიორსაც უმატებენ. მაწვნის პოპულარობა გარკვეულწილად მისი მომზადების სიმარტივემაც განსაზღვრა. უნდა აღინიშნოს, რომ ქოთანში ჩადედებულ მაწონს გამორჩეული გემო აქვს.

მაწონს ხშირად აჭმევენ პატარებს, რადგან ის აძლიერებს მადას, აქვეითებს კუჭის წვენის სეკრეციას და ამავე დროს, კარგად გამოხატული დიეტური და სამკურნალო თვისებები აქვს - ეს უკვე მრავალი მეცნიერის შრომებშია დადასტურებული. დაბალი მჟავიანობის გამო მაწონი სასარგებლოა არა მხოლოდ ბავშვებისათვის, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ის აწერიგებს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას. ამასთანავე, იცავს ღვიძლს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ძალზე გადატვირთულია. აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალებს და იმუნიტეტს. საერთოდ, აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. მაწონი არაჩვეულბრივი საშუალებაა წონის დასაკლებად და ნაბახუსევიდან გამოსასვლელად. როდესაც ადამიანს არა აქვს ბოლომდე ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი და რაღაც დაავადებების გამო ხორცის მიღება არ შეუძლია, ექიმები ურჩევენ, რომ ის მაწვნით ჩაანაცვლონ, რადგან ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. მაწონი ძალზე მდიდარია ვიტამინებით, კალიუმით, კალციუმით, რკინით, ფოსფორით, რომელიც ადამიანს აუცილებლად სჭირდება.

მაწონი კარგად აქრობს შიმშილისა და წყურვილის გრძნობას. ერთი ჭიქა მაწონი სასარგებლოა ძილის წინაც: ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს მშვიდ ძილს. ეს პროდუქტი შეუცვლელია დიეტის ან განტვირთვის დღეებში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე