ხვალ, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:36 | 01.02.2019 ნანახია: 90

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2019 წლის 2 თებერვალს წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.

კონკურსში გამარჯვებულ ნიმუშებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცემათ. წელს პირველად, კონკურსის ფარგლებში საქართველოს დამსახურებული მეღვინეებიც დაჯილდოვდებიან.

საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გასული წლის 15-16 დეკემბერს თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მწარმოებლები იღებდნენ. კონკურსის მიზანს წარმოადგენს, საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის და მისგან წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლება მთელ მსოფლიოში. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო.

გამარჯვებულები უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებმაც ორი დღის განმავლობაში 87 კომპანიის 200-მდე ნიმუში გასინჯეს და შეაფასეს. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იყო.
საფერავი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია. იგი ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მაღალი ხარისხობრივი და უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე საფერავის ჯიშის ყურძენი გაშენებულია არაერთ ქვეყანაში და მისგან მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე