ოთარ დანელია: ქართული ბრენდის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადება მოგვიწევს

საქართველო, თბილისი - 17:00 | 12.12.2018 ნანახია: 277

„ღვინის ხელშეწყობის გარდა, ქართული ბრენდის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად ჩვენ  მნიშვნელოვანი ინვესტიციების ჩადება მოგვიწევს,“- ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარემ,  ოთარ დანელიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოთარ დანელიამ ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებლებზე ისაუბრა.

„საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.  მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს, როდესაც საქართველოდან ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული რაოდენობის, 76,7 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა,“- განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, წლის ბოლომდე დაახლოებით, 80 მლნ  ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდება, რაც საერთო ჯამში  200 მლნ ლარის ღირებულებისაა.

„აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,8 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 9%-ით აღემატება გასული წლის 11 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 36,4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 3% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 360 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 43%. სულ ექსპორტირებულია 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს დარგის ხელშეწყობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე