კორეასა და სინგაპურში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

საქართველო, თბილისი - 22:32 | 07.08.2018 ნანახია: 597

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media“-ს ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები  სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში გაიმართა.

 ქართული ღვინის წარდგენას „აზიის ტური 2018”-ის ფარგლებში, „Meiburg Wine Media“-ის მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელიც სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად,  მის კულტურასა და ისტორიას, ასევე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიას აცნობდა.

სამხრეთ კორეაში ქართული ღვინო წარდგენილი იყო სეულის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში „Kwonsooksoo“.  სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ  ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის პროდუქცია ადგილობრივ კერძებთან ერთად. ღონისძიებას  ღვინის იმპორტიორები, ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი შეფასებით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო უმაღლესი ხარისხის ღვინოები, რომლებიც ჰარმონიულად შეეხამება კორეულ სამზარეულოს.

ქართული ღვინო სინგაპურშიც ადგილობრივ სამზარეულოსთან ერთად იყო წარმოდგენილი. სტუმრებმა დააგემოვნეს 10 ქართული კომპანიის ღვინო და ჭაჭა.  საღამოს ღვინის იმპორტიორები, მედიის,  რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. სინგაპურში ასევე გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი გაყიდვების მენეჯერებთან.

მიმდინარე წლის ბოლომდე  აზიის ტურის ფარგლებში  ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის ქალაქებში - შანხაიში,  მაკაოში, სიამენში, გუანჯოუში, შენჭენსა და ჰონგ-კონგში გაიმართება. 

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ქართული ღვინისთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 7 თვეში სამხრეთ კორეაში ექსპორტმა 40980 ბოთლს მიაღწია (ზრდა 130%), ხოლო - სინგაპურში 40800 ბოთლს (ზრდა 6700%).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე