ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

საქართველო, თბილისი - 10:52 | 14.11.2018 ნანახია: 18

ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „Prowine China-2018“ მონაწილეობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულ ღვინის კომპანიებს უკვე მესამედ ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინონ „Prowein China“-ზე, რომელსაც ტრადიციულად 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება.

გამოფენა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად აზიის რეგიონში. მასში წარმოდგენილია მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის 700-მდე კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები. 

საერთაშორისო გამოფენის მიზანია ჩინეთის ბაზარზე საერთაშორისო მწარმოებლების წარდგენა, რათა ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ თანამედროვე ღვინის ინდუსტრიას. 

ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 5,4 მლნ ბოთლი ღვინო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე