გამორჩეული არქიტექტურის 10 ღვინის ქარხანა

საქართველო, თბილისი - 15:38 | 14.11.2018 ნანახია: 40

ღვინის ინდუსტრია ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვიდან იღებს სათავეებს. ღვინო ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის მნიშვნელოვანი საგანი იყო.

საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა ღვინის ინდუსტრიისა და მეღვინეობის განვითარების უწყვეტი პროცესი. ხდებოდა ახალი რეგიონების, გეოგრაფიული და კლიმატური ზონების აღმოჩენა, ყურძნის ჯიშების კლასიფიცირება, ღვინის საწარმოების მშენებლობა, ახალი ბაზრების ძიება და ა.შ. მე-20 საუკუნის ბოლო და 21-ე საუკუნის დასაწყისი რევოლუციური აღმოჩნდა მეღვინეობის ინდუსტრიისთვის, გაჩნდა მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის მორგებული მიდგომები. დღეს, მომხმარებლებისთვის მხოლოდ ღვინის გემო, ხარისხი და წარმოშობა არ არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომაც, ღვინის მწარმოებლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ღვინის წარმოების ეკოლოგიურ პროცესებს და ღვინის ტურიზმის განვითარებას.

სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ 10 განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე ღვინის ქარხანას, რომლებიც გამოირჩევიან არამხოლოდ იქ წარმოებული შესანიშნავი ღვინოებით, არამედ სხვა ღირსებებითაც, რაც დაუვიწყარს ხდის დაინტერესებული პირებისთვის ამ ადგილებში სტუმრობას.

Bodegas Ysios - ესპანეთი

 

ესპანელი არქიტექტორის, სანტიაგო კალატავრას პროექტით აგებული ღვინის ქარხანა მდებარეობს ლაგუარდიას მუნიციპალიტეტში, რიოხა ალავესას რეგიონში. ეს რეგიონი განთქმულია ღვინის წარმოებით. შეიძლება ითქვას, ასეთი თანამედროვე ტიპის ნაგებობა „პირველი მერცხალია“ ესპანეთში განთავსებულ ღვინის ქარხნებს შორის. სახურავი ალუმინის ფურცლებით, ხოლო ფასადი ლამინირებული ხის პანელებით არის დაფარული. აღსანიშნავია, რომ ფასადის ხე, სწორედ იმ მასალისგან დამზადდა, რომლისგანაც ამზადებენ ამ ქარხანაში ღვინის კასრებს.

Marqués de Risca - ესპანეთი

კანადელი არქიტექტორის ფრენკ ოუვენ გერის პროექტით აგებული ღვინის ქარხანა, ასევე, რიოხა ალავესას რეგიონში მდებარეობს. ეს ნაგებობა, ისევე როგორც ამ არქიტექტორის სხვა ნამუშევრები, გამოირჩევა მორკალული ზედაპირით, დაფარული ამრეკლი ლითონის ფირფიტებით. ამ ღვინის ქარხანას, „ღვინის ქალაქს“ უწოდებენ, რადგან მასში გაერთიანებულია სასტუმრო, ღვინის სპა-თერაპია, ორი რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი ვენახების ხედით.

Bodegas López de Heredia Viña Tondonia - ესპანეთი

ამ ტრადიციული ესპანური მეღვინეობის ცენტრის ისტორია, რომელიც რიოხას რეგიონში მდებარეობს, დაახლოებით 150 წელს ითვლის.  გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი უძველესი ღვინის ქარხანაა ესპანეთში, ის გამორჩეულია ზაჰა ჰადიდის არქიტექტურით შექმნილი დეკანტერის პავილიონით, რომელიც მოგვიანებით შეემატა ნაგებობას. ამ პავილიონში ძირითადად ღვინის გამოფენები და დეგუსტაციები იმართება.

Bodegas Portia - ესპანეთი

 

Bodegas Portia ერთადერთი ღვინის ქარხანაა, რომელიც ააგო მსოფლიოში ცნობილმა და პრესტიჟულმა ბრიტანელმა არქიტექტორმა სერ ნორმან ფოსტერმა. ულამაზესი არქიტექტურული პროექტი მომავლის და თანამედროვეობის სიმბოლოა. დამუშავებული ფოლადის, ხის, დამუშავებული ბეტონია და შუშის ერთობლიობა ქმნის მასალებისა და ფორმების იდეალურ ბალანსს. შენობის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც მზის სხივებით ნათდება, განთავსებულია ოფისი, ღვინის მაღაზია, აუდიტორია, გალერეა და კაფე. სტუმრებს შეუძლიათ სხვადასხვა სემინარს და ღვინის წარმოების პროცესს დაესწრონ.

Quinta do Portal - პორტუგალია

ღვინის ქარხანა მდებარეობს პორტუგალიაში, ალტუ-დორუს რეგიონში, რომელიც განთქმულია მეღვინეობის 2000 წლიანი ისტორიით. სწორედ აქ მზადდება ყველასთვის ცნობილი პორტვეინი. ნაგებობა დააპროექტა ცნობილა პორტუგალიელმა არქიტექტორმა ალვარო სიზამ. ქარხნის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს სადეგუსტაციო და საგამოფენო დარბაზები

Château Cheval Blanc - საფრანგეთი

შატო მდებარეობს საფრანგეთში, საყოველთაოდ ცნობილ ღვინის რეგიონ ბორდოში. აგებულია ცნობილი ფრანგი არქიტექტორის კრისტიან დე პორტზამპარკის მიერ. შატოს სახურავზე გაშენებულია ბაღი, საიდანაც შესაძლებელია ულამაზესი ვენახების ხედებით ტკბობა.

Antinori nel Chianti Classico - იტალია

უნიკალური ნაგებობა არქიტექტორ მარკო ჩეზამონტის პროექტით აშენდა. თანამედროვე დიზაინის გარდა, ეს შენობა გამორჩეულია იმით, რომ ვენახები სწორედ მისი სახურავიდან იწყება. გარდა ვენახებში გასეირნებისა, ვენახებიდან შესაძლებელია ტოსკანის რეგიონის ლანდშაფტებით ტკბობა და კიანტის ღვინის წრუპვა. აქ განლაგებულია ღვინის არქეოლოგიური მუზეუმი, საგამოფენო და სადეგუსტაციო დარბაზები.

Quixote Winery - აშშ-ი, ნაპას ველი

ცნობილი მეღვინის, კარლ დოუმანის მეღვინეობა აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს. როგორც მეპატრონე ამბობს, შენობის აგებისას, მისი მთავარი მიზანი იყო თავისუფლება და არა არქიტექტურული ფორმების და მასალების ბალანსი, სიმეტრიულობა. სწორედ ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ შენიშნოთ შენობის კედლებზე და სახურავზე ამოსული სარეველა ბალახი, რომელსაც არავინ უზღუდავს „გადაადგილების“ თავისუფლებას. შენობა ასევე გამორჩეულია კარლ დოუმანის ოფისის არქიტექტურით, რომლის სახურავი მოოქროვილი გუმბათით გვირგვინდება.

Clos Apalta Casa Lapostolle - ჩილე

დაახლოებით მეოთხედი საუკუნის წინ, ფრანგი მეღვინე ქალი ალექსანდრა მარნიე ლაპოსტოლი საფრანგეთიდან ჩილეში გადასახლდა, რათა იქ შეექმნა სამხრეთ ამერიკული მეღვინეობის ცენტრი. ამ შენობას მეღვინეობის ფუტურისტულ ტაძარს უწოდებენ. შენობის ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი. ტერიტორიაზე ღვინის ქარხნის გარდა, განლაგებულია ბუტიკური სასტუმრო, რესტორანი და სადეგუსტაციო დარბაზი.

Devil´s Corner Cellar Door and Lookout - ავსტრალია

„ძმები ბრაუნები“ ღვინის ქარხანა განლაგებულია კუნძულ ტასმანიის ყველაზე თვალწარმტაც ადგილას, აღმოსავლეთ სანაპიროზე. არქიტექტორებმა მშენებლობის პროცესში გამოიყენეს ფოლადის სატრანსპორტო კონტეინერები. სადეგუსტაციო დარბაზი განთავსებულია კოშკურაზე, რომელზეც მდებარეობს თევზის რესტორანი და ღია კაფე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე