ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობაა - აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველო, თბილისი - 17:38 | 25.10.2018 ნანახია: 247

აშშ-ის საელჩო აფრთხილებს საქართველოში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს, რომ საქართველოში წარმოებულ სანელებლებში აღმოჩენილია ტყვიის მაღალი შემცველობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. „აშშ-ის საელჩოს მიერ ახლახან ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი წარმოების სანელებლების ორ სინჯში (ხმელი სუნელი და ყვითელი ყვავილი) ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ მაჩვენებლებს. ორივე პროდუქტი წარმოებულია „GEO-Group“-ის მიერ და ნაყიდია „აგროჰაბში“, - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში მცხოვრები ამერიკის მოქალაქეებისთვის 25 ოქტომბერს გაგზავნილ მიმართვაში.

ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რკინის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა დაფქულ წითელ წიწაკაში, რომელიც ასევე წარმოებულია „GEO-Group“-ის მიერ და ნაყიდია ახალციხეში მოქმედ სავაჭრო ობიექტში. „გარდა ამისა, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმაც დაადგინა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობაა საქართველოში წარმოებულ გარკვეულ სანელებლებში“, - ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს მიმართვაში.

საელჩო აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს, რომ საქართველოში წარმოებული სანელებლებზე არ ვრცელდება სურსათის უვნებლობის შეერთებულ შტატებში მოქმედი სტანდარტები და აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ურჩევს, სანელებლები შეიძინონ ამერიკაში ანდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული მწარმოებლებისგან.

მიმართვაში ჩამოთვლილია აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციები:

- სიფრთხილე გამოიჩინეთ, ადგილობრივი წარმოების სანელებლების ყიდვისას;

- სანელებლები შეიძინეთ მხოლოდ ამერიკაში ანდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული მწარმოებლებისგან;

- კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, ხომ არ სჭირდებათ თქვენს შვილებს სისხლის შემოწმება ტყვიის შემცველობაზე;

გაეცანით აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას საქართველოში მოგზაურთა ჯანმრთელობის შესახებ.

 

 

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე