2013-2018 წლებში, მევენახეებმა ჯამში 950 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს.

საქართველო, თბილისი - 15:48 | 19.10.2018 ნანახია: 209

2013-2018 წლებში, მევენახეებმა კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ჯამში, 950 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. დარგში არსებულმა პოზიტიურმა მაჩვენებლებმა შესაძლებლობა გააჩინა, რომ 2018 წლის რთველის პერიოდში ყურძენზე სუბსიდია აღარ გაცემულიყო. ყურძნის ფასის დადგენა საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებზე მოხდა.

2018 წელს გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი -  230 ათასამდე ტონა, მევენახეების შემოსავლებმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა (2012 წელს გადამუშავდა 52 ათასი ტონა).

მევენახეებისგან ყურძნის მიღებისა და გადამუშავების  პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე, 280-ზე მეტი კერძო კომპანია იყო ჩართული, რაც განაპირობებდა ყურძნის  ჩაბარების შეუფერხებელ პროცესს.

ყურძენი ღვინის საწარმოებს 22 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმატა ვენახების რაოდენობამ, რომ გაჩნდნენ  ახალი მევენახეები და რომ სახელმწიფოს მიერ, ბოლო წლებში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში  სწორი პოლიტიკა და რეფორმები გატარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე 2018 წლის რთველი შეაჯამა. მინისტრმა ჟურნალისტებს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგები გააცნო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე