სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა წითელი ნუსხით დაცული არჩვი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:14 | 15.10.2018 ნანახია: 596

პანკისის ხეობაში,  ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა წითელი ნუსხით დაცული, გადაშენების პირას მყოფი არჩვი მოკლეს. აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამნეტის თანამშრომლებმა გამოავლინეს. 

გარემოსდაცვითი ზედახმედველობის დეპარტამენტის განმარტებით, არჩვის მოკვლის საქმე რეაგირებისთვის პოლიციას გადაეცემა. 

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გადამოწმების მიზნით, გააჩერეს მოქალაქეები, რომლებსაც აღმოაჩნდათ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ჩეზეს მარკის 3 ცალი შაშხანა, სავარაუდოდ, საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული 1 ერთეული მამალი არჩვი. შემდგომი გადამოწმებით დადგინდა, რომ მოქალაქეები ბ.ქ., ა.ბ. და ვ.ნ. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ. ფაქტის გამოვლენის შემდგომ, მათ დაკავებული თანამდებობები, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. არჩვი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოკვლის შემთხვევაში, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს”, – ნათქვამია ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

აღნიშნული ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტოს, "რეგინფოს" მიერ გავრცელდა, რომელიც თავის მხრივ, პანკისის სათემო რადიოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნო. 

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ბრაკონიერებს არჩვი გატყავებული გადაჰქონდათ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თანამდებობის პირისთვის საჩუქრად გადასაცემად.

 

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე